Tuesday, August 24, 2010

"მის სამყარო 2010" - ყველაზე სექსუალური და სკანდალური გოგონების შეკრება


ახლახან ლას-ვეგასში კონკურსი "მის სამყარო 2010" გაიმართა, რომელზეც საქართველოს სახელით ნანუკა გოგიჩაიშვილი გამოვიდა და 25 ფინალისტს შორისაც მოხვდა, რაც უდავოდ კარგი შედეგია. კონკურსის საბოლოო შედეგები უკვე ორშაბათს, 23 აგვისტოს გახდება ცნობილი, როდესაც ფინალი გაიმართება, მანამდე კი კონკურსთან დაკავშირებულ სკანდალურ ამბებს გაგაცნობთ და ნანუკას ფოტოებსაც გადავხედოთ.

წლევანდელი კონკურსი ყველაზე სექსუალურად აღიარეს, რადგან გოგონებიც უფრო თამამად პოზირებენ და ფოტოგრაფებმაც მეტ ფანტაზიას უხმეს. თუმცა მსგავს სითამამესა და გულახდილობას ასეთი ტიპის კონკურსებზე სკანდალი მოჰყვება ხოლმე.

ორგანიზატორებმა ოფიციალურ საიტზე კონკურსანტების საკმაოდ პროვოკაციული ფოტოები განათავსეს. შედეგად, მათ, კონკურსის მთავარ ორგანიზატორ დონალდ ტრამპს და ასევე ტელეკომპანია NBC-ის გოგონების "სექსუალურ ექსპლუატაციაში" დასდეს ბრალი. საქმე ის არის, რომ გოგონებს სიშიშვლეს ბოდი-არტით შესრულებული ნახატები უფარავდა, ზოგიერთ მათგანს მკერდიც მოშიშვლებული ჰქონდა.

მსგავსი ფოტო, ოღონდ საცურაო კოსტიუმით, ნანუკასაც გადაუღეს. ტრამპს ისიც გაუხსენეს, ერთხელ როგორ ჩამოართვა გვირგვინი გოგონას, რომელიც "არა შესაფერის" ფოტოსესიაში მონაწილეობას დათანხმდა.

ამჯერად ყველაზე მეტი კრიტიკა "მის აშშ" რიმა ფაკიხს ერგო - ეს გოგონა ლიბანური წარმომავლობისაა, მუსლიმანურ ოჯახშია გაზრდილი. მისი ფოტო ერთ-ერთი ყველაზე გულახდილია. მუსლიმანურ სამყაროში ამ ფაქტს საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და გოგონას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმაც კი მოსთხოვეს წინაპრების სამშობლოში.

თუმცა თავად რიმა არ აპირებს ასეთ ნაბიჯზე წასვლას. კონკურსის ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ ფოტოსესია ბოდი-არტის სტილში სულაც არ არის წესიერებისა და კანონების დარღვევა. იმ ბრალდებასაც უარყოფენ, თითქოს ასეთ "აგრესიულ რეკლამას" კონკურსის რეიტინგის დაცემის გამო მიმართეს, მამაკაცური აუდიტორიის მისაზიდად.

ნანუკა კონკურსზე აშკარად ერთ-ერთი გამორჩეულია. მისი ფოტოები სხვადასხვა საიტზე გამოჩნდა - ეროვნული კოსტიუმით, ქართული ტრადიციული ხევსურული ფრაგმენტებით, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, სხვა კონკურსანტებთან ერთად. მისი ეგზოტიკური გარეგნობა უცხოურ ინტერნეტფორუმებზეც განხილვის საგნად იქცა. ნანუკა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარგზავნილია ქართველი "მისების" უცხოური ვოიაჟების ისტორიაში.

No comments:

Post a Comment